საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “საქკაბელსა” და კოლეჯ “სპექტრს” შორის პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი “საქკაბელის” მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.
პარტნიორობის ფარგლებში “საქკაბელი” კოლეჯ “სპექტრის” სტუდენტებს საკუთარ საწარმოში სასწავლო ვიზიტების ფარგლებში გააცნობს საკაბელო პროდუქციის წარმოების პროცესს. აღნიშნული კი მათ შესაძლებლობას მისცემს, რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნონ წარმოების ტექნოლოგიურ ასპექტებს და გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა. ამასთან, ელექტროობის მიმართულებით კოლეჯ “სპექტრის” წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ “საქკაბელში”.
მეორეს მხრივ, “საქკაბელის” თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ საჭიროებისამებრ აიმაღლონ კვალიფიკაცია და გადამზადდნენ კოლეჯ “სპექტრის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ელექტროობა, შედუღება, ელექტრომექანიკური შედუღება და სხვ.